ახალი ამბები
ძმები ესებუების საქმეების სასამართლო მოსმენები დაიწყო
ზუგდიდის სასამართლოში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილის, ბადრი ესებუას და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებისთვის დაკავებული მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეების არსებითი განხილვები დღეს დაიწყო. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს. ორივე საქმის მოსამართლე ნატრული აკობიაა.

ესებუების ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, მან სასამართლოზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ანგარიშსწორება მოხდა, რადგან მათ ვერ შეძლეს ბადრი ესებუას დაკავება. 

ბიძინა ესებუას მომდევნო პროცესი 24 მარტს ჩაინიშნა, ხოლო ძებნილის სასამართლო განხილვა გაურკვეველი დროით გადაიდო.

ინფორმაციისთვის, სამართალდამცავი უწყება "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ბიძინა ესებუა კი ამბობს, რომ მას იარაღი "ჩაუდეს". ის 12 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა.  მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. გამოძიების მტკიცებით, ბანკზე თავდასხმა სოფელ ალერტკარის მკვიდრა ბადრი ესებუამ განახორციელა.


Print