ახალი ამბები
ზუგდიდში "1 000 მშობლის მარშს" შეუერთდნენ
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართულ "1 000 მშობლის მარშს" ზუგდიდშიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ქალთა მოძრაობის კამპანიის "პროტესტის 100 დღე" ძირითად მოთხოვნებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ჩვენ მივეცით სახელმწიფოს დრო, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ველოდებით ქმედით ნაბიჯებს, იმისთვის რომ ქალთა საკითხები დადგეს დღის წესრიგში. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სტატისტიკა და ყოველდღიურად მატულობს ძალადობის შემზარავი ფაქტები. თითოეული მშობელი, ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ციცინო შენგელიამ.

აქციაზე შეკრებილები სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლის შეცვლას და პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტის შექმნას ითხოვენ, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს. გარდა ამისა, მათივე თქმით, კამპანიის მიზანია სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას შეძლებენ. ასევე, აქციის მონაწილეები ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ.

აქციათა ციკლი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქობულეთში 14 წლის გოგომ გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე ასევე დაკავებულია გარდაცვლილი გოგოს ბაბუა.
Print