ახალი ამბები
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეო-მიმართვის საშუალებით წარადგინა. თავის გამოსვლაში მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა. ასევე, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა ორივე რეგიონში შესვლის საშუალება, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავ ხელს უშლის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.  

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხართების გავლებისა და ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის სავალალო შედეგებზე, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს და აღნიშნა, რომ 2019 წლიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ გამოიწვია მრავალი ადამიანის სიკვდილი. მისი შეფასებით, ანგარიშში ასევე მართებულად არის ხაზგასმული, რომ 2014-2019 წლებში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას, რამაც შეიძლება შემდგომი ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვიოს.  

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის და ჩეხეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

"24 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით.

ამასთან, რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს წარუდგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.


Print