ახალი ამბები
ჩვენი ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემა არის ოკუპაცია - მოწერელია
საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, დღეიდან ის საქმიანობას როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი გააგრძელებს და გიორგი გახარიასთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული ახალი პარტიის მშენებლობის პროცესში.

"საქართველოს სჭირდება დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა ჩვენი ქვეყნის არის ოკუპაცია. პანდემიიდან, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ჩვენი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ამ ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვა. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რეგიონების გაძლიერება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და უნდა გადავდგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები", - აღნიშნა მოწერელიამ. 

"ქართული ოცნების" 6-მა დეპუტატმა, მათ შორის აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა ალექსანდრე მოწერელიამ პარტია დატოვა. მასთან ერთად მმართველი გუნდიდან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური წავიდნენ. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში გააკეთეს. მათი თქმით, დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად, ახალი პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას იწყებენ.


Print