ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ფილიალი ქალაქის ტერიტორიაზე გაიხსნა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ფილიალი ქალაქის ცენტრში გაიხსნა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ამავე ცნობით, ფილიალში მოსახლეობას ყველა სახის ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება შეეძლება, მათ შორის, ანტიგენ და PCR ტესტირების. გარდა ამისა, ადგილზე COVID-პასპორტის მიღებაც იქნება შესაძლებელი.

"აღნიშნული კვლევები ჩატარდება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რომელიც უწყვეტად მონაწილეობს ქართული და გერმანული სისტემის ხარისხის გარე კონტროლში. 5 წლის წინ, პირველად რეგიონში, ამ კლინიკაში გაიხსნა უმაღლესი დონის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც დღემდე ემსახურება სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას და ჩართულია ინფექციური დაავადებების მართვის სხვადასხვა პროგრამებში. რეგიონმა ყველა რგოლის დახმარებით დასძლია და წარმატებით განახორციელა C ჰეპატიტის პროგრამა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად დავამარცხებთ ასევე COVID-19-ს. მოგიწოდებთ მცირე სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი ჩაიტაროთ ანტიგენის სწრაფი ტესტი, რათა დაიცვათ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები", - ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფექციური საავადმყოფოს ფილიალის მიმართია: ცოტნე დადიანის №2 (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია).
Print