ახალი ამბები
ჯოხარ დუდაევის ხსოვნას ზუგდიდში პატივი მიაგეს
ჩეჩნეთის პრეზიდენტის გარდაცვალებიდან დღეს 25 წელი გავიდა. ზუგდიდში ეროვნული მოძრაობის წევრები ზვიად გამსახურდიას ძეგლთან სიმბოლურად შეიკრიბნენ და ჯოხარ დუდაევის ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი თვლიან, რომ ჩეჩნეთისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტები კავკასიის ერთიანობის იდეას შეეწირნენ.

„ჩეჩნეთმა უდიდესი ძალისხმევა და მსხვერპლი გაიღო და დღეს მთელმა კავკასიამ უნდა აღიაროს, რომ ჩეჩნები არ იბრძოდნენ მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის, არამედ იბრძოდნენ მთელი კავკასიისთვის. იდეა - ერთიანი კავკასია იმდენად საშიში აღმოჩნდა ამ იდეის მოძულეებისთვის, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი, რათა სხვა მაგალითი არ მომხდარიყო“, - თქვა ჩეჩნეთში საქართველოს მაშინდელმა ელჩმა სოსო თორიამ.

ინფორმაციისთვის, ჯოხარ დუდაევი 52 წლის ასაკში, 1996 წლის 21 აპრილს რუსეთის სპეცსამსახურებმა ააფეთქეს.

Print