ახალი ამბები
ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება
ზუგდიდში, ბენდელიანის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყება 1 მაისამდე იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლის ფილიალი - „ნანთონ სანძიენ ჯორჯია“ საქართველოში მიმდინარე წელს დაარსდა. კომპანიის წარმომადგენლის დავით ცირდავას თქმით, მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, 80% ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეადგენდეს.

„ჩვენი კომპანია მშენებლობის მაღალ ხარისხთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მშენებლობაზე, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და ინფორმაციის გასავრცელებლად შეხვედრებსაც გავმართავთ. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მშენებლობის პროცესის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ვგულისხმობ, ხმაურის შემცირებას, მიწის ნაყოფიერი ფენის საჭიროებისამებრ გამოყენებას და ა.შ. მშენებლობის დასაწყებად ბოლო პროცედურები თანხმდება დონორთან და დამკვეთთან, ამის შემდეგ მშენებლობაც დაიწყება“, - აღნიშნა ცირდავამ.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტისთვის 11 567 656 ლარი გამოყო, თუმცა ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, პრეტენდენტებს შორის უმცირესი ფასი სწორედ ზემოაღნიშნულმა ჩინურმა კომპანიამ დააფიქსირა. საბოლოოდ, პროექტის განხორციელებისთვის 11 366 321 ლარი დაიხარჯება. ელექტრონულ ვაჭრობაში 10-მდე კომპანია მონაწილეობდა.

პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. ამასთან, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.


Print