ახალი ამბები
ძაღლს, რომელსაც ზუგდიდში ესროლეს, ამსტერდამში შეიფარებენ
ზუგდიდელი მიუსაფარი ძაღლი ნიდერლანდებში გაემგზავრება. მას რამდენიმე დღის წინ ზვიად გამსახურდიას გამზირის ტერიტორიაზე ესროლეს. მიუსაფარ ცხოველს დახმარება ადგილობრივმა მოხალისეებმა გაუწიეს. როგორც "ათინათს" ცხოველთა მოყვარულმა მარიამ შეყილაძემ უთხრა, ძაღლს გამგზავრებაში ორგანიზაცია Pawsome Pets დაეხმარება.
ფოტოზე: მარიამ შეყილაძე და "ბრილო"

"ამ ორგანიზაციას "ბრილოზე" დიდი ხანია ვწერ, მათ შორის იცოდნენ ბოლოს მომხდარი ფაქტის შესახებაც, როდესაც მას 2 ჯერ ესროლეს, რამაც ალბათ დააჩქარა ეს გადაწყვეტილება. ეს ძაღლი საშინელ მდგომარეობაში ვიპოვეთ ზუგდიდში, ჰქონდა კანის პრობლემა, რის გამოც მისი ძალიან ეშინოდათ, არავინ კვებავდა და განწირული იყო სიკვდილისთვის. გამოჯანმრთელების შემდეგ ის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის კორპუსთან ცხოვრობდა, სადაც მოსახლეობა და რამდენიმე ობიექტი კვებავდა, თუმცა ცხოველთ მოძულე ადამიანები იქაც აღმოჩდნენ. ერთ-ერთმა პირმა მას იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა", - გვითხრა მარიამმა.
"ბრილო" მკურნალობამდე

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ინიციატივით უკვე ეცნობა პოლიციას.
თავის მხრივ, შს სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია."ბრილო" ამ ეტაპზე ვეტერინარის დაკვირვების ქვეშ გადის მკურნალობის კურსს. ის რიგით მესამე ძაღლია, რომელიც ზუგდიდიდან საზღვარგარეთ მარიამ შეყილაძის დახმარებით გაემგზავრება. მანამდე, მოხალისემ ამსტერდამში 2 მიუსაფარი ძაღლი "ნიცა" და "სილქი" გააჩუქა.


Print