ახალი ამბები
"განახლებული რეგიონის“ ფარგლებში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ურბანული განახლების პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. ის დასავლეთ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარს შეადგენს.

ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ურბანული განახლების პროექტების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული რეგიონის მახასიათებლები, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და ობიექტების ფუნქციური დანიშნულება.

სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს ურბანული განახლების კონკრეტულ პროექტებსა და ობიექტებს, მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

ინფორმაციისთვის, „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და დააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.


Print