ახალი ამბები
დაკავებულები იყვნენ და ამის შემდეგ მოხდა გასროლა - ზუგდიდში დაჭრილი მამა-შვილის ადვოკატი
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში მომხდარი დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა-შვილ ძანძავების უფლებადამცველმა ბაჩუკი ყურაშვილმა უთხრა. მისი თქმით, დაჭრილებს საავადმყოფოში კითხავენ.

"მომხდართან დაკავშირებით ისინი მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს. ამბობენ იმას, რომ ჰქონდა შვილს სიგარეტი, მაგრამ არა იმ ოდენობით, რაზეც საუბრობენ. მე როგორც გავიგე, საუბარია დაახლოებით 15 ყუთზე, რაც შეუძლებელია ერთმა ადამიანმა გადმოზიდოს. მომხდარზე, კი აღნიშნეს, რომ უკვე დაკავებული იყვნენ და ამის შემდეგ მოხდა გასროლა. მანამდე, არც რაიმე გამაფრთხილებელი გასროლა, ან სიტყვიერი გაფრთხილება არ იყო. ადამიანი უკვე დაკავებულია და მას ტყვია ესროლო, ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ამაზე მიდის გამოძიება", - თქვა ყურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჰქონდა თუ არა ცემის ფაქტს ადგილი, შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. 

წუხელ, გვიან ღამით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ აბასთუმანში, სავარაუდოდ, აფხაზეთის ა/რ პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა. ოჯახის წევრებისა და თვითმხილველების ინფორმაციით, საუბარია კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობაზე. მათივე ცნობით, სამართალდამცავების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა და მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მამა-შვილი დაჭრეს, მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
Print