ახალი ამბები
ზუგდიდში პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ სხდომა ზუგდიდში გამართა. ამავე ცნობით, სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ. პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

4-წლიანი პროგრამა, რომელიც რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

კომისიის სხდომები უკვე გაიმართა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.
Print