ახალი ამბები
15 წლის შემდეგ ზუგდიდში, პროკურატურასთან გზა გაიხსნა
ზუგდიდში, საოლქო პროკურატურასთან არსებული ღობის დემონტაჟის შემდეგ, გზის აღნიშნული მონაკვეთი მის პირვანდელ დანიშნულებას დაიბრუნებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ უთხრა. მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას გამზირისა და კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვა წინა ხელისუფლების პირობებში, უკანანო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.  

"ჩვენი ინიციატივით მუნიციპალიტეტმა მიმართა პროკურატურას, რომელმაც გამოიჩინა კეთილი ნება და მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუთმო მუნიციპალიტეტს. აღდგა ის საგზაო კომუნიკაცია, რომელიც წლების განმავლობაში სუბიექტური გადაწყვეტილების გამო იყო გადაკეტილი. მოხდა ღობის დემონტაჟი და გზასთან ერთად, ვიღებთ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც არ იქნება შემოფარგულული ღობით და რაღაც რეგულაციების გამო შეღწევა არ იქნება აკრძალული მოსახლეობისთვის. ასე რომ ეს ორი ეფექტი გვაქვს, საგზაო ინფრასტრუქტურის მიღება, ნაკადების გადანაწილება და საზოგადოებრივი სივრცის გაჩენა ცენტრალურ უბანში", - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურასთან ღობე, დაახლოებით, 15 წლის წინ დამონტაჟდა. 


Print