ახალი ამბები
„არა ძალადობას“ - ჟურნალისტებმა ზუგდიდში აქცია გამართეს
თბილისში ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა უმკაცრესად დაისაჯონ ის მოქალაქეები, რომლებმაც ჟურნალისტებს სცემეს.

"სოლიდარობას ვუცხადებ ყველა კოლეგას, ვინც გუშინ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა და პროფესიული დავალების შესრულებისას არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა. ყველაზე კარგად დავინახეთ გუშინ, რომ ძალადობა წაახალისა ხელისუფლებამ, პოლიცია იყო უმოქმედო და მედია გახდა აბსოლუტურად დაუცველი. მოვითხოვთ, რომ უსწრაფესად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები და დაისაჯოს ყველა, ვინც გუშინ ამ საშიშ სცენარში მიიღო მონაწილეობა, რადგან ეს იყო განცდა, რომ ნებისმიერ ვითარებაში მედია არის სრულიად დაუცველი და მათ მუშაობა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ",- ამბობს ტელე-რადიო კომპანია ოდიშის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი ნანა ქობალია.

ბოლო მონაცემებით, თბილისში აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს. ბოლოს, მედიის ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ თანამშრომლები ველიდან გაეყვანათ.

რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ( სსკ-ის 154-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით დაიწყო.

Print