ახალი ამბები
გიორგი გახარია 5 ივლისის მოვლენებზე: ვნახეთ ჩამოშლილი სახელმწიფო
ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, ჩამოშლილი სახელმწიფო ვნახეთ. ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია 5 ივლისის მოვლენებს ზუგდიდიდან.  ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სახელმწიფომ ვერ დაიცვა კონსტიტუცია.

"ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ. ეს იყო გამოხატულება უუნარობის. გარდა ამისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როცა მმართველი ძალის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ხომ გაფრთხილებდითო", - აღნიშნა გახარიამ.

ინფორმაციისთვის, "თბილისი პრაიდის"  5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. მანამდე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ღირსების მარშის" რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. ამის შემდეგ, სასულიერო პირები და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 55-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. გარდა ამისა, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქუჩაში ტურისტი დაჭრა. დანაშაულის სავარაუდო მიზეზად ჰომოფობიური განწყობები სახელდება. 

Print