ახალი ამბები
გიორგი გახარია: ზუგდიდის მერობის კანდიდატი შერჩეული გვყავს
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი ოფისი ზუგდიდში გახსნა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ მოვლენას ემოციური დატვირთვის გარდა, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ზუგდიდელს ჰქონდეს სრული რწმუნება, რომ პარტია "საქართველოსთვის" გააკეთებს ყველაფერს, რომ ზუგდიდი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი საქართველოში. იყოს საუკეთესო მაგალითი ჩვენი აფხაზი ძმებისთვის და ზუგდიდის ეს დატვირთვა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, სულ უფრო და უფრო იყოს განხორციელებული", - განაცხადა გახარიამ.

შესაბამისი კითხვის პასუხად, პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მათ შერჩეული ჰყავთ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ გაამხილა.

პარტიის ოფისი გახსნაზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია და რეგიონის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულები ალექსანდრე მოწერელია და მალხაზ თორია. ამასთან, ოფისის გახსნას პარტიის ათობით მხარდამჭერი დაესწრო. 


Print