ახალი ამბები
ზუგდიდში წარმოებული "გემუანის" მშრალი ხილი AMAZON-ზე გაიყიდება
მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია "გემუანი" საკუთარ პროდუქციას ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ზე გაყიდის. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დამფუძნებელმა უთხრა. ნონა თორდიას განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორისაა, Amazon-ისთვის მორგებული სპეციალური შეფუთვისთვის დიზაინის შემუშავება და შეთანხმება, რასაც დაახლოებით სამ თვე დასჭირდება. ხილის ჩიფსები და ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, ჩაი სპეციალიზებულ პაკეტებში გაიყიდება. ჯამში საუბარია, დაახლოებით, 30 სახეობაზე.

ამ ეტაპზე "გემუანის" პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე რუსეთსა და ჩეხეთში იგზავნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც. "გემუანი" 2020 წლის ივნისიდან შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი გახდა და კომპანიის რუსეთის ფილიალს ინგრედიენტებით ამარაგებს. "გემუანში" ამბობენ, რომ ქართული კომპანია Nestle-ს საშუალოდ 2 თვეში ერთხელ დაახლოებით 1.5 ტონა პროდუქციას უგზავნის.

სუბლიმირებული ხილის საწარმო "გემუანი" 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. უშუალოდ ხილის გადამამუშავებელი საწარმო, ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში 2017 წლიდან ფუნქციონირებს.
Print