ახალი ამბები
ურთიერთობის პერსპექტივები - ფოტოგამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით ზუგდიდში ფოტოგამოფენა მოეწყო. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ პროექტის "ურთიერთობის პერსპექტივები" ფარგლებში მოქალაქე ჟურნალისტების მიერ ზუგდიდსა და სოხუმში გადაღებული ფოტოები ენახათ.
"ათინათის" გამგეობის თავმჯდომარის რუსუდან ყალიჩავას ინფორმაციით, პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე მოამზადეს როგორც ფოტო, ისე ვიდეო რეპორტაჟები.

"ჩვენი პროექტის მიზანი იყო ნდობის გაღრმავება აფხაზებსა და ქართველებს შორის. მოხარულები ვართ, რომ პროექტში ჩართულები იყვნენ სოხუმელი და ზუგდიდელი ახალგაზრდები, რომლებიც დაეუფლნენ ჟურნალისტიკის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს და დღეს სწორედ მათ მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა", - თქვა რუსუდან ყალიჩავამ. 

​პროექტის კოორდინატორი ალენა კემმი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს შორის ყოველდღიური გამოცდილების გაზიარება აუცილებლად მოახდენს დადებითი გავლენას მათ შემდგომ თანამშრომლობაზე.

"ძალიან კმაყოფილი ვარ პროექტის შედეგებით და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ სახით დიალოგი, განსაკუთრებით წარმატებული იყო თანამშრომლობა სოხუმელ და ზუგდიდელ მოქალაქე ჟურნალისტებს შორის. მათი ყოველდღიური გამოცდილების ერთმანეთს შორის გაცვლა. სწორედ ასე შეიძლება შეიქმნას ნდობა სხვადასხვა თემის ადამიანებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის მშენებლობისთვის", - აღნიშნა მან.

ასოციაცია "ათინათის" პროექტი "ურთიერთობის პერსპექტივები" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
Print