ახალი ამბები
სოხუმი: ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მიერ უწყების სტრატეგიის წარდგენისას მოყვანილ, მათ შორის უკანონო დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთში გასამართლებულია ჩადენილი დანაშაულის გამო, სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად და მისი "ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება".

3 აგვისტოს, თბილისში, სტრატეგიის პრეზენტაციისას თეა ახვლედიანმა თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში რჩება ორი მოქალაქე - ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი.

"რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

გალის რაიონში მცხოვრები 28 წლის ირაკლი ბებუა აფხაზეთის "სახელმწიფო დროშის" დაწვისთვის დააკავეს. მაშინ დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ე.წ. სასამართლომ ბებუა დამნაშავედ ცნო "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის" და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ბებუას დევნილი ოჯახი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 90-იანი წლებიდან თბილისში ცხოვრობს. ბებუა გალში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა მოხუცი ბებიის მოსავლელად, ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად სოხუმის მიერ დადგენილი საბუთების არქონის გამო, მან უკან დაბრუნება ვერ მოახერხა და იქვე დარჩა. 


Print