ახალი ამბები
"ამ სისტემის დედაც!" - ზუგდიდში, გუბერნიის წინ საპროტესტო წარწერები დატოვეს
მოძრაობა "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვება გააპროტესტა. ასევე, სიჭინავას თქმით, ის ამ გზით სოლიდარობას უცხადებს "დროას" აქტივისტს, შუშანა მაცაბერაძეს, რომელიც პოლიციამ თბილისის პროკურატურის წინ მსგავსი წარწერის გაკეთების მცდელობისთვის დააკავა.

"გუშინ კარგად ვიცით რაც მოხდა, "უდოს" შეწყალებით გამოუშვეს მარიანა ჩოლოიანი გარეთ, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა 15 წლის ბავშვი. სანაცვლოდ, ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი, ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად გამოსული, დააკავეს და ღამეები ათენებინეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჩემი პროტესტი დღეს არის მისი და 15 წლის ლუკას სირაძის სოლიდარობისთვის", - თქვა მარიამ სიჭინავამ.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით 2020 წლის სექტემბერში სამწლიანი პატიმრობა შეეფარდა, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წლის დეკემბერში, მოზარდის შენობიდან გადახტომასა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაცვალებას მოჰყვა. ლუკა სირაძემ თავი მას მერე მოიკლა, რაც პოლიციამ თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის კედლებზე წარწერების გამო მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ის სწორედ ჩოლოიანმა დაკითხა.
Print