ახალი ამბები
ნიკა ჭეჟიამ ზუგდიდის საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ნაბიჯი დიდი ხნის ფიქრის შედეგად გადადგა. ჭეჟია მიიჩნევს, რომ ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს.

"მიუხედავად იმისა რომ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში ყველა ხელისუფლებამ გარკვეული აგური დადო, ყოველი მათგანი აგურს აგურზე კი არ დებდა, პირიქით, ცდილობდა წინას დადებული აგური დაენგრია და სხვა ადგილიდან იწყებდა. ამიტომაც, ვერ გამოვედით ამ მოჯადოებული წრიდან... დადგა დრო ქვეყნის აღმშენებლობა დავიწყოთ უკვე გაკეთებული კარგი საქმის შენარჩუნებით, თუმცა კიდევ უფრო სწრაფად უკეთესის დაშენებით! რისთვისაც პირველ რიგში, აუცილებელია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ბატონ გიორგი გახარიასა და მისი გუნდისთვის არის თანამდევი. არავის წინააღმდეგ, მე ვუერთდები ბატონ გიორგი გახარიას გუნდს #საქართველოსთვის

რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან რთულია დავემშვიდობო ჩემს გუნდს, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს, მეგობრებო, თქვენთან თანამშრომლობის 14 წლიანია გამოცდილება იყო ყველაზე სასიამოვნო პერიოდი, რადგან ჩვენ ერთად ვიდექით ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე. ერთად შევძელით, რეგიონში შეგვექმნა უწყვეტი სამედიცინო სერვისები, გავმართეთ პაციენტების დროული და სწორი კლინიკური მართვა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო მომსახურებას აქტიურად ვუწევდით არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობას, არამედ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურებოდით აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოყვანილ პაციენტებსაც, რამაც მოგვცა საშუალება გადაგვერჩინა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე. ემსახურო ადამიანების ჯანმრთელობას - ეს იყო და არის ჩემი ცხოვრების მთავარი მამოტივირებელი ძალა და ამ საშუალების მოცემისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ევექსის გუნდს", - წერს ნიკა ჭეჟია.

ის "ევექსის" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. მანამდე, ჭეჟია ამავე საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი იყო.
Print