ახალი ამბები
ზუგდიდში რუსლან აბაშიძის გადადგომას ითხოვენ
ზუგდიდში დევნილების ნაწილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
დევნილების თქმით, აბაშიძე და მისი გარემოცვა კორუფციულ გარიგებებშია შემჩნეული. მათივე განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მრავალრიცხოვან აქციებსაც გამართავენ.

„აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი გადადგა, ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაიჭირეს, თანხების გატაცებას აქვს ადგილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რადგან არის ხელმძღვანელი. თუ არ იცოდა რა ხდებოდა ძალიან ცუდია, თუ იცოდა და მფარველობდა - ეს უარესი. აქედან ჩვენ ძალიან დიდი ეჭვის თვალით ვუყურებთ აბაშიძის წესიერებას და პატიოსნებას“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე რამინ საჯაია.

ამასთან, აქციის მონაწილეები აფხაზეთის მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება დევნილების პრობლემებით არ ინტერესდება.

„არავინ მოდის და გვეკითხება ამ პანდემიის დროს როგორ ვართ, რა გვიჭირს. მხოლოდ თავიანთი საქმეებით და ფულის შოვნით არიან დაკავებულები. საერთოდ არ ვიცით რა უნდა ვუწოდოთ ასეთ ადამიანს“, - ამბობენ ისინი.

იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ხელმძღვანელი პირები არ შეიცვლებიან დევნილები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. თავის მხრივ, აფხაზეთის მთავრობაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

Print