ახალი ამბები
პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, მესტიის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, 1989 წელს დაბადებულ ნ.დ-ს, 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.

"ნივთმტკიცებად ამოღებულია "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print