ახალი ამბები
"დროას" ზუგდიდის ოფისის კარზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს
პარტია "დროას" ზუგდიდის ოფისის კართან უცნობმა პირმა თუ პირებმა პლაკატი დააზიანეს და უხამსი წარწერები დატოვეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა, თუმცა სამართალდამცავებითვის მიმართვას არ აპირებს.

"არაფერს არ ვგეგმავ, მე არ მაქვს პოლიტიზირებული ორგანოების იმედი. არ მწამს მათი გამოძიების. საჯარო მიმართვები გავავრცელე და ყველაფერი არსებობს პოლიტიკური ნების გარდა გამოძიების დასაწყებად. მიჩვეულია ხელისუფლება დარბევებს, ქვების სროლებს, ოფისების დალეწვებს. რაც უფრო ღრმად შევა წინასაარჩევნო პროცესი, მით მეტად გააძლიერებს ხელისუფლება რეპრესიებს და ოპონენტებზე ძალადობას. დღევანდელი ფაქტი არის შედეგი იმ ძალადობის წახალისების, სიძულვილის ენის, რომლითაც ხელისუფლება მიმართავს ოპონენტებს და იმ განცხადების, რომელიც ღარიბაშვილმა გააკეთა 5 ივნისს, რა დროსაც მან მწვანე შუქი აუნთო ყველა ძალადობრივ ჯგუფს", - ამბობს სიჭინავა.
მისივე თქმით, ოფისში სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. "დროას" ოფისი ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
Print