ახალი ამბები
"გადასატანი ყუთის სიაში 124 ჯანმრთელი ადამიანი აღმოვაჩინეთ" - ანა წითლიძე
ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 საჩივარი შეიტანეს. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა. მისი მტკიცებით, 15 შესწავლილი უბნის სიებში ის პირებია შეყვანილი, რომლებიც გადასატან ყუთს არ საჭიროებენ. გარდა ამისა, წითლიძე ამბობს, რომ აღნიშნული ადამიანები მმართველ პარტიასთან არიან კავშირში.

"შევამოწმეთ 15 უბნის გადასატანი ყუთი და აღმოვაჩინეთ, რომ 124 ჯანმრთელი ადამიანი არის გადასატან ყუთში ყველა მათგანი არის ან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ან ოჯახის წევრი. ამ ადამიანებთან დაკავშირებით, შევიტანეთ საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 საჩივარი და ვითხოვთ სასწრაფო წესით ამ ადამიანების ამოღებას გადასატანი ყუთის სიიდან", - თქვა ბრიფინგზე წითლიძემ. 

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ენმ-ის ბრალდებებს უარყოფენ. კომისიის თავმჯდომის მირანდა მესხის განმარტებით, გადასატანი ყუთების საბოლოო სია ჯერ არ დადასტურებულა და აღნიშნულ საკითხს შესაბამისი კომისია სწავლობს.

"გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა, მომართვიანობა ჯერ კიდევ იქნება. ბოლო ვადა არის 29 სექტემბერი, 18 საათის ჩათვლით. უბნები აკეთებენ ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლას, გადიან, იკვლევენ ამ კატეგორიის ამომრჩევლებს. მომართვიანობა არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი ავტომატურად გადავა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში", - თქვა მირანდა მესხმა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print