ახალი ამბები
ანა წითლიძე: ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაცია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროცესში ჩართული კონკრეტული პირები დაასახელა. მისივე თქმით, მათ აქვთ მტკიცებულება, რომელიც მოქალაქეების მოსყიდვისა და დაშინებას ასახავს.

"ბოლო რამდენიმე დღეა "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან ხორციელდება პირადობის მოწმობების ჩამორთმევა იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან გაერთიანებული ოპოზიციის ან ენმ-ის მხარდამჭერები. ამ სქემაში მონაწილეობენ "ქართული ოცნების" წევრები - დავით დავითულიანი, რომელიც არის ამ სქემის მთავარი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, "შემოსავლების სამსახურის" უფროსი საქართველოში, ტატო კიტია, რომელიც არის კომბინატში პოლიციის უფროსი და რობერტ ჭეჟია, რომელიც არის შსს-ს თანამშრომელი. შემიძლია გითხრათ ის ადგილები, სადაც ხდება ასეთი შემთხვევები, მაგალითად საჯვაროს და ფაიფურის უბნები, დარჩელი, ჭკადუაში და განმუხური. მიდიან ამომრჩეველთან და ართმევენ პირადობებს, რომლებსაც დაუბრუნებენ არჩევნების შემდეგ", - ამბობს წითლიძე.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში ენმ-ის ბრალდებებს დამარცხებისთვის განწირული პარტიის უნიჭო ფანტაზიას უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპონენტები სიცრუის ტირაჟირებით არიან დაკავებულები.

"ნაციონალურ მოძრაობას" ყავს მერობის კანდიდატი, რომელიც პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო შეხვედრებს, რადგან დარწმუნებულია იმაში, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს. ნაციონალურ მოძრაობას ყავს მერობის კანდიდატი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან დგას და შეურაცხყოფას აყენებს იმ პირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ აფხაზეთს 1992-93 წლების ომის დროს. "ნაციონალურ მოძრაობას" ყავს მერობის კანდიდატი, რომელიც ელემენტარულ ინფორმაციასაც არ ფლობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე და იმ გამოწვევებზე, რაც ამ მუნიციპალიტეტში დგას. აქედან გამომდინარე ისინი ხედავენ, რომ არანაირი წარმატების შანსი არ აქვთ. ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის. ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, იმისთვის, რომ გარკვეულწილად დესტაბილიზაცია შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მათ ეს არ გამოუვათ და ქართველი ხალხი 2 ოქტომბერს მათ საკადრის პასუხს გასცემს", - ამბობს "ქართული ოცნების" პროპორციული სიის და ზუგდიდის მოქმედი საკრებულოს წევრი ირაკლი ლაგვილავა.

ენმ-ის წარმომადგენლები ზემოაღნიშნული ინფორმაციის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიწოდებას გეგმავენ.


Print