ახალი ამბები
ლევან სამუშია: ზუგდიდში გადასატან ყუთთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უმძიმესი დანაშაული მოხდა
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ პარტიის ზუგდიდის ოფისში, გადასატან ყუთთან დაკავშირებით სავარაუდო დარღვევის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, #17-ე უბანზე ამომრჩეველი მივიდა, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო შეყვანილი და მის ნაცვლად, სავარაუდოდ, სხვას უკვე ჰქონდა ხელი მოწერილი. სამუშიას ინფორმაციით, ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მიეცა.

„წარმოუდგენელი დარღვევა მოხდა, სავარაუდოს ვიტყვი, რადგან არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ. საუბარია გადასატან ყუთზე, რეგისტრირებული იყო  37 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთი როცა დააბრუნეს, ნახეს რომ 37-ვე ხელმოწერა იყო. შემდგომ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანი თვითონ მოვიდა საარჩევნო უბანზე და მოითხოვა ხმის მიცემა. მათ უთხრეს, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყვნენ რეგისტრირებულები და  უკვე ხელი ჰქონდათ მოწერილი. ამომრჩევლებმა უპასუხეს, რომ გადასატანი ყუთის სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ და არც არაფერზე მოუწერიათ ხელი. ეს თუ დადასტურდა, არის არა მხოლოდ საარჩევნო გადაცდომა,  არამედ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამაზე დაწერილია საჩივარი. ასევე საჩივარი დაწერა ამომრჩეველმა, რომელიც მისული იყო და ხმის მიცემის უფლება არ მიეცა. თუ ეს ნამდვილად ასეა, ნიშნავს იმას, რომ მის მაგიერ ვიღაცამ ხელი მოაწერა“, - ამბობს სამუშია.

#17-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თორნიკე გელენავა ადასტურებს, რომ უბანზე ნამდვილად გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც ჰქონდა პრეტენზიები და ამბობდა, რომ მას გადასატანი ყუთით არ უსარგებლია, შესაბამისად, ხელიც არაფერზე მოუწერია. მისივე თქმით, გადასატანი ყუთი დაილუქა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საოლქო კომისია მიიღებს.


Print