ახალი ამბები
"თავისუფლება მიშას" - სტენსილები ზუგდიდში
"თავისუფლება მიშას" - ზუგდიდის ქუჩებში ამ შინაარსის წარწერები გაჩნდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით სტენსილები ქალაქის სხვადასხა ლოკაციაზე დატოვეს. ვინ განათავსა წარწერები ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის გარდა, ქართული მართლმსაჯულება კიდევ რამდენიმე საქმეს ედავება. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
Print