ახალი ამბები
ენმ-ის ზუგდიდელი მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გაემგზავრნენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. ისინი ზუგდიდიდან ​დედაქალაქში დილით, სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით დაიძრნენ. პარლამენტის წევრი ანა წითლიძე ვერ აკონკრეტებს მათ ზუსტი რაოდენობას, თუმცა ამბობს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ დღეს ყველაზე მეტი მხარდაჭერის მობილიზება მოხდა.


"არ ყოფილა მთელი ამ წლების განმავლობაში და ალბათ ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს რაოდენობა ზუგდიდიდან და მთელი სამეგრელოდან. ადამიანები მოდიან საკუთარი ხარჯებით, ოჯახებით, შვილებით და რაც მთავარია თითოეულ მათგანს ესმის ძალიან კარგად, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის დღეს საქართველოს თავისუფლება, ქვეყნის ევროპული მომავალიც, უკეთესობისკენ ცვლილებები. რაც მთავარია, დღეს თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ ვანახებთ, რომ ჩვენ ვართ თავმოყვარე, ამაყი ერი, რომელიც არ დაუშვებს, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ოლიგარქის ტყვეობაში", - თქვა ანა წითლიძემ.

ენმ-ის ორგანიზებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დღეს, 18 საათზე დაიწყება.
Print