ახალი ამბები
ზუგდიდში პატიმრის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართა
ზუგდიდში პატიმრის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ყოფილი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია გამართეს. პატიმრის დედის ინფორმაციით, მისი შვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დააკავეს და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემდნენ, რის გამოც სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. პატიმრის ახლობლები ამბობენ, რომ საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დაუშვას.

„არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სცემო. ყოფილი მმართველი პარტიის დროს ყოველდღე ველოდი მის მოკვლას. სამჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი მაქვს. ფიზიკური ზეწოლის გამო ხერხემალი დაუზიანდა. ახლა ის მაინც ვიცი ცემით არავინ მოკლავს და მშვიდად ვარ. მე არავის დასჯას არ ვითხოვ, მაგრამ ახლა, რომ ამბობენ სააკაშვილი გაათავისუფლონო, თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი შვილებიც გაუშვან, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, კაცი არ მოუკლავს, რაღაც შეღავათი მასაც ხომ ეკუთვნის“, - ამბობს პატიმრის დედა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ალექსანდრე ჯიქია ამბობს, რომ ხელისუფლებაში ის პარტია არ უნდა დაბრუნდეს, რომელიც ხალხს და განსაკუთრებით პატიმრებს არაადამიანურად ექცეოდა.

„ვის უნდა უნდოდეს იმ რეჟიმის დაბრუნება, რომელიც ადამიანებს ასე ექცეოდა. ამ ქალბატონს, ყველა იცნობს და იცის ხალხმა რა გადაიტანა მან“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯიქიამ.

აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხეს და მხოლოდ ის თქვეს, რომ პატიმარი ამჟამად სასჯელს თბილისში, ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

Print