ახალი ამბები
„ლელოს“ ზუგდიდის ორგანიზაცია ოპოზიციის კანდიდატს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
„ლელოს“ ზუგდიდის პოლიტიკური ორგანიზაცია ზუგდიდის მერობის კანდიდატს ანზორ მელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. პარტიის წარმომადგენლები საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ოპოზიციონერ კანდიდატებს.

„მინდა საზოგადოებას მოვუწოდო და ვუთხრა რომ 30 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი. ჩვენ უნდა შევცვალოთ მოცემული პოლიტიკური რეალობა და დავასრულოთ სტაგნაციის 9 წლიანი პერიოდი და მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელიც შექმნის ადგილობრივ კოალიციურ თვითმმართველობას“, - თქვა ბრიფინგზე ზუგდიდის მე-4 მაჟორიტარული ოლქში „ლელოს“ დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა სოფო შამუგიამ.

პარტიის წარმომადგენელმა თენგიზ ქოჩუამ კი წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ამომრჩევლების დაშინების, მუქარისა და მოსყიდვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მისივე შეფასებით, საარჩევნო გარემო არათანაბარი და პოლარიზებული იყო.

„არჩევნების მოსამზადებელი პერიოდი გამოირჩეოდა უკანონო ქმედებებით. ადგილი ჰქონდა დაშინებებს, ზეწოლებს, მუქარებს, მოსყიდვებს. განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, საჯარო სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, სოციალურად დაუცველი პირები. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში „ლელოს“ კანდიდატი არ იღებს მონაწილეობას, ჩვენი კომისიის წევრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და კანონიერად“, - ამბობს თენგიზ ქოჩუა.

ინფორმაციისთვის, ხვალ, 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
Print