ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: გადმოვსახლდები წალენჯიხაში, ვიყიდი ბინას
"ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის უახლოეს მომავალში წალენჯიხაში გადავა საცხოვრებლად. მან კომპანიებს მოუწოდა თავიანთი ბიზნესები წალენჯიხაში გადმოიტანონ და მოგება ამ ქალაქში დატოვონ.

"მე უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალ არჩეულ მერს გვერდით და მთელ გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში, ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ იმართება ნამდვილი თვითმმართველობა", - თქვა ხაზარაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო მანდატი დატოვა.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
Print