ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაციასთან ღომის ქერქის მიტანას ხმაური მოყვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის გუბერნიასთან ღომის ქერქი მიიტანეს. ანა წითლიძე ამბობს, რომ "ნახვაწა" (ღომის ქერქი. ქართ.) "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას სიმბოლოა, რომელმაც მოსახლეობის ხმები მიიტაცა. მისივე თქმით, წოწერიას აღნიშნული კოდური ზედმეტსახელი მას შემდეგ შეარქვეს, რაც ძალოვანმა სტრუქტურებმა გადაიბირეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტი გახდა. 

ადგილზე შეკრებილმა სამართალდამცავებმა წითლიძეს და აქციის სხვა მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც პოლიციის უფროს გეგა ზესაშვილსა და პარლამენტარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. წითლიძემ პოლიციელს "ზონდერი" უწოდა და თქვა, რომ ის ე.წ ძველი ბიჭებისა და ქურდული სამყაროს დაკვეთით მოქმედებს.

"სამხარეო პოლიციის უფროსია ეს ადამიანი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაცაა რომ რეგიონს მართავენ კანონიერი ქურდები, "მაყურებელი" და ზესაშვილის უფროსი არის დათო შენგელია, ხვიჩა ცხაკაიას მონაა და ამ ახალგაზრდებთან არის მაგარი. აქ ვინც დგანან, არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები, ჩვეულებრივი ზონდერები, რომლებიც ყველამ ნახა როგორ გველაპარაკებოდნენ. მინდა ერთი რაღაც იცოდნენ, გუშინ დავპირდით, რომ ისინი ვერ იქნებიან ზუგდიდში და სამეგრელოში მშვიდად, რომ მათ ექნებათ წინააღმდეგობის კერა ყველგან. დილით ჰქონდათ ეს შეხლა-შემოხლა და არ შეგვიშვეს გუბერნიის შენობაში, რომ მათი სიმბოლო - "ნახვაწა" მიგვეტანა. ყოველ საღამოს, ყოველ ღამე, ყველგან - გუბერნიის შენობასთან, პოლიციასთან, მერიასთან, საკრებულოსთან, ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან ასე მოუწევთ ღამეების გათევა, ჩვენი დევნა, ყველგან ვიქნებით, სადაც იქნებიან ისინი", - თქვა ანა წითლიძემ.

გუბერნიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და წევრები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაა. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
Print