ახალი ამბები
ზუგდიდში სუს-თან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის აქტივისტი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზუგდიდის ოფისის შენობასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ელდარ კეზუა დააკავეს. მანამდე, პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ და ენმ-ის აქტივისტებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე თეთრი ფხვნილი და შპრიცები მიიტანეს, რაც მათი თქმით, სიმბოლურია, რადგან სუს-მა არჩევნები სწორედ ნარკომანების მხარდაჭერით გააყალბა.

"ესეთი დაკავებებით ახლა, ელდარს დააკავებენ, მე დამაკავებენ თუ სხვა ნებისმიერ ჩვენთაგანს - 9 წელია ამას ვუძლებთ, ყველაფერი გამოვიარეთ, სულ რომ ყველა დაგვაკავონ ვინც ვდგავართ, ვერ შეგვაშინებენ. ყველა არა, მაგრამ აქ დგანან ბიძინა ივანიშვილის ზონდერები და როგორც მე მათ დავპირდი, ყველგან ექნებათ პრობლემა, როგორც წუხელ ჰქონდათ გუბერნიასთან. დღეს აქ, სუსთან ექნებათ პრობლემა, ექნებათ ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან. ისინი ვერ შეძლებენ მშვიდად და წყნარად გააგრძელონ ცხოვრება, მას შემდეგ რაც დამართეს არჩევნებზე სამეგრელოს", - თქვა წითლიძემ.

გუშინ ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და წევრებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
Print