ახალი ამბები
მამუკა წოწერია თანამშრომლებს გუბერნატორმა წარუდგინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა წარუდგინა. გიორგი გუგუჩიამ წარმატებები უსურვა მამუკა წოწერიას და აღნიშნა, რომ სხვადასხვა გამოწვევის მიუხედავად, ის ერთ-ერთი საუკეთესო მერი იქნება.

"მამუკა წოწერია თავისი სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, დღეს მისი პირველი სამუშაო დღეა და მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევისა ის თავს გაართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს და ერთ-ერთი საუკეთესო მერი იქნება ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებს შორის", - თქვა გიორგი გუგუჩიამ. 

მამუკა წოწერიამ ზუგდიდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს ამ უდიდესი ნდობის მანდატისთვის. თითოეული ჩემი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით, არა მარტო ჩემი, არამედ მერიის თითოეული თანამშრომლის, რათა განვითარების ტემპი არა მარტო შენარჩუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს", - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

გიორგი გუგუჩია დღესვე წარადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სხვა მერებსაც.
Print