ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიცია აქციას მართავს
ზუგდიდის საკრებულოსთან, სადაც დღეს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, აქცია დილიდან მიმდინარეობს. შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. მათი თქმით, ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულომ უნდა მიიღოს. მათ ხელში უკავიათ ტრანსპარანტები "თქვენ ბიუჯეტი ნახვაწა ხომ არ გგონიათ", "ვადაგასულია", "ბიუჯეტი დაუგეგმეთ ნახვაწას". 


ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი შენობაში არ უშვებენ არც ახლად არჩეული საკრებულოს წევრებს, არც სხვა მოქალაქეებს.

"გვიშვებენ კი არა კიბეზე დადგომის უფლებაც არ მოგვცეს. როგორც საკრებულოს წევრს მეკუთვნის რომ ვესწრებოდე, როგორც რიგითი მოქალაქე თუნდაც, არა აქვს მნიშვნელობა. რაღაცა მობოდეს ახლა, კოვიდ რეგულაციების გამო დახურეს სხდომა. აქ მთავარი ის არის რომ "ნახვაწას", ზუგდიდის ეგრეთწოდებულ მერს გაუმაგრონ ზურგი და ამიტომ იღებენ ამ ბიუჯეტს. ზუგდიდის ბიუჯეტის 50 % არის ბიძინა ივანიშვილის აქტივისტებზე გათვლილი ბიუჯეტი. მათი ხელფასები, სიდედრები, სიმამრები, მეეზოვეები და ა.შ. ამათთვის მუშაობს მთლიანად ეს კანტორა და სამართალდამცავები. მე რომ ვიყო შიგნით ამ ბიუჯეტს გამოვიტანდი სახალხოდ განსახილველად ამომრჩევლებთან, ადამიანებთან, გადამხდელებთან, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, არა მალულად კუთხეში როგორც იღებენ, ჩუმად", - თქვა ენმ-ის წევრმა და ახლად არჩეული საკრებულოს წევრმა მაია კალანდიამ.

საკრებულოს დღის წესრიგის მიხედვით, პირველი საკითხი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეხება.
Print