ახალი ამბები
მარტვილსა და მესტიაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილსა და მესტიაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უკანონო იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1957 წელს დაბადებული ე.ნ. მარტვილის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე ხის სათავსოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 83 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი ბრალდებულის - 1997 წელს დაბადებული გ.ფ. მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა, 1 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა.

კიდევ ერთი ბრალდებული - 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მესტიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 23 საბრძოლო ვაზნა და შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ვკითხულობთ შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

Print