ახალი ამბები
ჯერაც უცნობია ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე
ხვალ ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულო პირველად შეიკრიბება. მასში 3 პარტიის დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილი. ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე და შეჯერდა თუ არა პარტიები კანდიდატებზე, ამ კითხვაზე პასუხი არც ერთი პარტიის წარმომადგენლებს არ აქვთ.

ენმ-ის სიის პირველი ნომერი თეიმურაზ ბასიალაია ამბობს, რომ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. იგივე პოზიცია აქვს "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ბესიკ ჭეჟიას. ის იმედოვნებს, რომ პარტიები ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება "გახარია-საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრს და ახლად არჩეულ დეპუტატს, გიგა ფარულავას, ის ამბობს, რომ თავმჯდომარესთან დაკავშირებული პოზიცია და დამოკიდებულება უცვლელია და პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს კონკრეტულ კანდიდატს მხარს, თუ მოქმედი და ყოფილი მმართველი ძალები შეთანხმებას მიაღწევენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად წარმომადგენლობით ორგანოში მყარი უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას პარტიები დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ. კერძოდ, ახალი საკრებულო შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 22 წევრი, "ქართული ოცნება" - 20, ხოლო "გახარია საქართველოსთვის" 3 დეპუტატით.


ამავე თემაზე:

ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - გახარიას პარტია "ოცნებას" და ენმ-ს შეთანხმებას "აიძულებს"
Print