ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა მირანდა მესხს ხელბორკილები გადასცა
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დარიკო არქანიამ, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხელბორკილები გადასცა. მისი თქმით, მირანდა მესხმა არჩევნების შედეგები გააყალბა და ამისთვის პასუხს აგებს. მან მესხს ხმების ქურდი უწოდა.

"ქალბატონ მირანდას სიმბოლურად მოვუტანეთ ხელბორკილები და მოვახსენეთ, რომ მან ამ არჩევნებზე ქართველ ხალხს და ზუგდიდელებს მოპარა არჩევანის უფლება და ეს არის დანაშაული. ის აუცილებლად აგებს პასუხს და წავა ციხეში. ამიტომაც, სიმბოლურად მოვუტანეთ ხელბორკილები", - თქვა არქანიამ.

სხდომის დაწყებამდე დამსწრეებმა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას მიაგეს პატივი წუთიერი დუმილით. ენმ- ს წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა, რომ ფუტკარაძე სისტემის მსხვერპლია.

საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა, რომელიც სხდომა გაუძღვება, აღნიშნა, რომ აქ ქალაქის საკეთილდღეოდ მისაღებია საკითხები და პოლიტიკური განცხადებები სხვა დროს შეიძლება გაკეთდეს, რაზეც, საკრებულოს წევრმა ენმ - დან მაია კალანდიამ მას უპასუხა, რომ ასეთი რეპლიკები არ მოაკლდება "ოცნებას". სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ამოიწურა.
ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა 12 საათზე დაიწყო. მას 45-ვე დეპუტატი ესწრება. დღის წესრიგის მიხედვით, ახალმა შემადგენლობამ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩიოს. მანამდე, სხდომას უხუცესი წევრი კონსტანტინე უბერი გაუძღვება, რომელიც საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით შევიდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, წარმომადგენლობით ორგანოში მყარი უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას პარტიები დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ. კერძოდ, ახალი საკრებულო შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 22 წევრი, "ქართული ოცნება" - 20, ხოლო "გახარია საქართველოსთვის" 3 დეპუტატით.


Print