ახალი ამბები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა საკრებულოს უფლებამოსილებას და ამის შემდეგ აანონსებს აქციებს - თაზო ფაცაცია
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიები, ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ, - ამის შესახებ განცხადება ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს დეპუტატმა თაზო ფაცაციამ გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ ენმ, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში 22 წევრითაა წარმოდგენილი, დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით, რომ ვერ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

"საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. "ნაციონალური მოძრაობა" თავად შემოვიდა ახალ საკრებულოში, მხარი დაუჭირა საკრებულოს უფლებამოსილებას და ამის შემდეგ აანონსებს აქციებს - აქციას, რომელის მთავარი მიზანი  ქუჩის პოლიტიკური აქტივობის რამდენიმე წამიან კადრ-სინქრონად ტელევიზიებში გასვლაა. ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, გადადიან ყოველგვარ პოლიტიკურ და მორალურ ზღვარს და იქცევიან ზუგდიდისთვის და მისი ინტერესებისთვის საზიანოდ. მათ იგივე სურდათ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, უნდოდათ ჩაეგდოთ 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რაც გამოიწვევდა მუნიციპალური სერვისების შეჩერებას, უფასო სოციალური სასადილოს, მუნიციპალური ტრანსპორტის, ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მუშაობის შეფერხებას - ისინი ამ სურვილს ღიად აფიქსირებდნენ და არც მალავდნენ, რომ მათი მიზანი კრიზისის შექმნა იყო, რომელიც ზუგდიდის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახებოდა. თუმცა ამის შესაძლებლობა ამ დესტრუქციულ ძალას არ მივეცით", - ამბობს ფაცაცია.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში ზუგდიდის მერიასთან იწყებენ აქციას. მათი თქმით, საკრებულოში კრიზისი მმართველი პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია.




Print