ახალი ამბები
ზუგდიდის "დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში" შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდში, "დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" ოფისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შშმ პირები, მათი მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. შეკრებილებს ცნობილი შშმ პირების ისტორიები გააცნეს და ასევე 3 დეკემბრის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

ამერიკელი აქტივისტის, დამოუკიდებელი ცხოვრების მოძრაობის ერთ-ერთი პიონერის და და შშმ პირთა უფლებების დამცველის ჯუდით ჰიუმანის ისტორიამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მონაწილეებზე. ისინი ასევე გაეცნენ ჰიუმანის თანამებრძოლის ედ რობერტის პერსონას. მათ ერთად დააარსეს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები. ასევე, ინტერესით მოისმინეს ჰელენ კელერის ისტორია, რომელიც იყო ერთდროულად ბრმა და ყრუ-მუნჯი ქალი, რომელმაც მიიღო განათლება და სამეცნიერო ხარისხი. ამასთან,  ნახეს უამრავი სპორტსმენი, მფრინავი და მხატვარი, რომლებიც ფიზიკური შეზღუდვების მიუხედავად არიან წარმატებულები.

გარდა ამისა, მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ გამოწვევებზე, მიღწევებსა და განათლების სფეროში არსებულ ბარიერებზე.

დასასრულს ნაჩვენები იყო მხატვრული ფილმი "კლასის წინ", რომელიც ტურეკის სინდრომის მქონე ბიჭის ცხოვრებაზეა. ფილმის გმირი ბრედი ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად და ის ხდება წარმატებული მასწავლებელი.  ჩვენების ბოლოს შეკრებილებმა  ფილმის შესახებ იმსჯელეს და თქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში USAID-ის "დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში" ხორციელდება, რომლის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი მომსახურების მიწოდების გზით. პროგრამა ხორციელდება მაკ ჯორჯიასა (MAC Georgia) და ორგანიზაცია  "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" (CIL) პარტნიორობით.

3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია ყურადღება გაამახვილოს იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უფლებების უგულვებელყოფაზე, რომელსაც შშმ პირები განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შშმ პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.

Print