ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი უღელტეხილზეა გაჩერებული
უღელტეხილის მონაკვეთზე უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, "ენერგო პრო ჯორჯიას" სადგურ "ძირულასა" და "მარელისში" ძაბვა გაეთიშა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ამ დრომდე არ დაძრულა თბილისი-ზუგდიდის მატარებელი.

"შეფერხდა #802, #870, #873 და #803 სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. აქედან #802 და #873 უკვე დაიძრა და დანარჩენი ორი მატარებელი უახლოეს პერიოდში განაახლებს მოძრაობას.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზა, მიუხედავად ელექტროენერგიის შეფერხებებით მიწოდებისა საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მატარებლების გადაადგილებას. სწორედ ამიტომ, შესაძლოა მოძრავ მატარებლებს შეფერხებები კიდევ ჰქონდეთ.

არსებული ინფორმაციით, ავარია უხვმა თოვლმა გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შეფერხების გამო", - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print