ახალი ამბები
გამოვრთოთ მაინერები ​- მესტიის მერია ელექტროენერგიის გრაფიკს აქვეყნებს
მესტიასა და მის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დაწესდა. შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, შეზღუდვის მიზეზი ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებაა, რაც სვანეთის ტერიტორიაზე გახშირებულ მაინინგს უკავშირდება. ამავე ცნობით, გასული წლების მონაცემებთან შედარებით მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.

"ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე. ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას.

არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები. დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური) რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება. გრაფიკი გაგრძელდება ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ "იოლი" ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს. ელექტროგადამცემი ხაზები ვერაფრით გაუძლებენ აღნიშნული რაოდენობის დატვირთვას. ვიფიქროთ ერთმანეთზე და ავირჩიოთ ნათელ გარემოში ცხოვრება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ელექტროენერგიის მოწოდების გრაფიკს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით:





Print