ახალი ამბები
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ, ორწლიანი განხილვის შემდეგ, ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. პატიმრობა შეეფარდათ ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ სხვა ყოფილ ჩინოსნებსაც. საქმე ეხებოდა დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას.

 


პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას არ იზიარებს დაცვის მხარე და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ინფორმაციისთვის, ფოთის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2019 წელს დააკავეს. გამოძიება მათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი გულგრილობასა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდა.

 

Print