ახალი ამბები
მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ზუგდიდის საკრებულოს წევრი პარტიიდან "გახარია-საქართველოსთვის" მალხაზ თორია ამბობს, რომ უცნობმა პირებმა, კოკში, მამის საფლავზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის დროს, მას არასრულწლოვანი შვილი ახლდა. 

"ვიმყოფებოდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, დავაპირე წამოსვლა ქალაქში. ჩემთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, შევაჩერეთ მანქანა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავთან, ჩემს შვილს უნდოდა სანთლის დანთება, რა დროსაც გაჩერდა ჩემთვის უცნობი ავტომანქანები, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე მამაკაცი და სასაფლაოს ეზოში იარაღის მუქარით მოხდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. ვეუბნებოდი, რომ შეგეშალათ, მე არ ვარ ის პიროვნება ვისაც ეძებთ, რაზეც მიპასუხეს, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ ხარ და რატომ მუშაობ, რატომ ხარ ჩვენს წინააღმდეგ", - უთხრა თორიამ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ათინათს" უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, 151-ე, მუქარა და 187-ე, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
Print