ახალი ამბები
ზუგდიდში საშობაო ალილო წელსაც არ გაიმართება
კორონავირუსის პანდემიის გამო ტრადიციული საშობაო მსვლელობა ზუგდიდში წელსაც არ იგეგმება. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ისევე, როგორც შარშან მსურველებს საშუალება ექნებათ ტაძარში მიიტანონ ნობათი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდება.

"საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც ვიზიარებთ ჩვენც. კორონავირუსის გამო მასშტაბური მსვლელობა არ გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ადამიანებს, ორგანიზაციებს ექნებათ სურვილი საქველმოქმედო მიზნით გაიღონ ტკბილეულობა ან სხვა ნობათი, შეუძლიათ მიიტანონ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საიდანაც გადანაწილდება ოჯახებზე", - გვითხრა მამა იოანე აკობიამ. 

მისივე ინფორმაციით, ხვალ ეპარქიის მღვდელმთავარი რუხის კლინიკაში მყოფებს მოინახულებს. მეუფე გერასიმე მათ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

კორონავირუსის გავრცელების გამო ალილო ზუგდიდში შარშანაც არ ჩატარებულა.
Print