ახალი ამბები
"ყველაფერი რაც გაქვთ „ქართულმა ოცნებამ“ მოგცათ" - რა უპასუხეს მალხაზ თორიას საკრებულოს სხდომაზე
ზუგდიდის საკრებულოს წევრმა პარტია „საქართველოდან“ მალხაზ თორიამ ხელისუფლება მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამჯერად  შესაბამისი განცხადება მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, დანაშაულის ადგილიდან კამერების ამოღება 40 წუთში იყო შესაძლებელი, თუმცა ეს არ გაკეთდა.

„40 წუთი იყო საჭირო, დადასტურებული იყო ის ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად დაზარალებულების მხრიდან იყო მიწოდებული საგამოძიებო ორგანოებისთვის. აქედან გამომდინარე, იკვეთება, ის რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ხელისუფლებაში მყოფი დანაყოფები. შეუძლებელია 21-ე საუკუნეში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ადამიანი თავისუფლად ესხმოდეს თავს არასრულწლოვანს, ეს არის ამორალური ქმედება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული თითოეული დეპუტატისთვის ეს არის მტკივნეული თემა. მე თავისუფლად დავდიოდი, დავდივარ და ვივლი, ვინმეს თუ ჩემი პოლიტიკური არჩევანის გამო რამის გარკვევა უნდოდა, დალაპარაკება თავისუფლად შეიძლებოდა. ჩემი სურვილია, რომ ნებისმიერ ადამიანთან, ვინც არის არჩეული ხალხის მიერ, ვაშენო თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოება“, - აღნიშნა თორიამ.

მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი გოგოხიამ უპასუხა და თქვა, რომ ეს განცხადება მისთვის მიუღებელია, რადგან ყველა გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.

„თქვენ თქვით კვალი „ქართულ ოცნებასთან“ მიდის, გამოძიება დაგისრულებიათ, არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება. ჩემი აზრით გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, -  მიიჩნევს გოგოხია.

გახარიას პარტიის ბრალდებებს მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა უპასუხა. ჯონი ჯიქიამ  სხდომაზე თქვა, რომ ყველაფერი, რაც დღეს თორიას აქვს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ის პოლიტიკური დივიდენდები, რაც გაქვთ, მოგცათ „ქართულმა ოცნებამ“. თქვენ „ქართული ოცნების“ გუბერნატორი იყავით, სუს-ის უფროსი იყავით და ეს არის ფაქტი. თქვენც, გიგა ფარულავას და გეგა შენგელიას ყველაფერი მოგცათ „ქართულმა ოცნებამ“, გამოგიყვანათ ასპარეზზე. მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ, მაგრამ უკვე გადიხართ დარბაზიდან. მაინტერესებდა სუს-ში რომ იყავით რამდენ ხანში იძიებდით საქმეებს? სიმართლე მწარეა და ამის მოსმენა არავის არ უნდა“, - თქვა ჯიქიამ.

თორიას მმართველი პარტიის დეპუტატისთვის პასუხი არ გაუცია. მან, თანაგუნდელებთან ერთად სხდომა  კითხვის დასრულებამდე დატოვა.

ინფორმაციისთვის, მალხაზ თორია ამბობს, რომ უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მას კოკში, მამის საფლავზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის დროს მას არასრულწლოვანი შვილი ახლდა. 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 151-ე, 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, მუქარასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
Print