ახალი ამბები
აუდიტი: ზუგდიდის საკრებულოს წევრებზე 268 ათასი ლარი ხარჯების დაუდასტურებლად გაიცა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ზუგდიდის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, ხარჯების ასანაზღაურებლად 268 ათასი ლარი გაიცა. ამავე დოკომენტში წერია, რიმ მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკრებულოს წევრების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.

„2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებით. დადგენილების მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ასანაზღაურებლად განესაზღვრათ ზღვრული მოცულობა, 397.5 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2019-2020 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ სულ 268 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს, ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები“, - ვკითხულობთ ანგარშში.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრი, გარდა თანამდებობის პირისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა, საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი, სადაც აღინიშნება დოკუმენტის დასახელება, შედგენის თარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, რაოდენობა, ფასი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, დოკუმენტის სწორად გაფორმებისათვის პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერები და სხვა მონაცემები.

Print