ახალი ამბები
ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების გაუქმებაზე სასამართლო პროცესი გადაიდო
დღეს ზუგდიდის სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი საკრებულოს მხრიდან უფლებამოსილი პირის არ ჰყოფნის გამო გადაიდო. საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა, ნინო დაგარგულიამ, რომელიც სხდომას ესწრებოდა თქვა, რომ ის მოპასუხე მხარე ვერ იქნება, არ აქვს საკრებულოს თავმჯდომარისგან რწმუნებულება, რადგან თავმჯდომარე არ არის არჩეული და სხდომაზე მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოსთვის მიეწოდებინა.

ენმ-ის წევრების თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს საკრებულომ პროცესზე უფლებამოსილი პირი ვერ გამოაგზავნა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულომ და აპარატმა უკანონოდ მიიღო.

"სასამართლო პროცესზე საკრებულოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ის ვერ იყო უფლებამოსილი პირი, რომ ყოფილიყო სასამართლოზე საკრებულოს წარმომადგენელი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2022 წლის ბიუჯეტი წინა საკრებულომ მიიღო ისე, რომ ის იყო არაუფლებამოსილი პირი. საკრებულოს წარმომადგენელი ამბობდა, რომ ის იყო არაუფლებამოსილი პირი, რადგან საკრებულოს თავმჯდომარე არ არის არჩეული და შესაბამისად მათ ოფიციალურად წარმომადგენელი ვერ ექნებოდა საკრებულოზე, მაშინ რანაირად შეძლო ძველი მოწვევის საკრებულომ და აპარატმა ბიუჯეტზე მუშაობა და დამტკიცება", - ამბობს წითლიძე.

ენმ-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული საქმე თვითმმართველობის ისტორიაში საინტერესო მაგალითია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

სასამართლო პროცესი 15 თებერვლამდე გადაიდო.


Print