ახალი ამბები
მოქალაქეები აფხაზეთში "უცხო აგენტის" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ
აფხაზეთში გრძელდება დისკუსიები "უცხო აგენტის" კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეების ნაწილში შეშფოთებას იწვევს. ისინი მიმართავენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ - მინისტრს და პარლამენტის სპიკერს. მიმართვის ხელმომწერების განცხადებით, აღნიშნული კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება "აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯზე".

მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ "უცხო აგენტების" შესახებ კანონის მიღება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ აფხაზეთის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას.

"გარდა ამისა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები აყალიბებენ პარტნიორობას იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში, მინიმუმ, ინარჩუნებენ ნეიტრალურ პოზიციას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების პოზიციასთან კატეგორიული უთანხმოების მიუხედავად, ისინი უარს ვერ იტყვიან გარე კონტაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ურთიერთობაზე იმ მიზეზითაც, რომ სეთ ასეთ შემთხვევაში, "აფხაზეთის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს მიაწვდიან რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები".

ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ "კატეგორია "უცხო აგენტი" ცრუ და პროპაგანდსტული კლიშეა და თუ ამ კანონს მიიღებენ, ის რეპრესიის ინსტრუმენტად იქცევა".
დოკუმენტის 352 მოქალაქე აწერს ხელს. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

19 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც აფხაზებსა და ქართველებს შორის პირდაპირი დიალოგისკენ არის მიმართული, მათ შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით, რადგან მსგავს პროექტებს შეცდომაში შეჰყავთ რესპუბლიკის მოქალაქეები.

უფრო ადრე, 2021 წლის 6 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოითხოვდა, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი არასამთავრობოების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ინფორმაციისთვის, "უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს. პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".



Print