ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა გამორჩეული ბიუჯეტი მიიღო - გია ხარჩილავა
წალენჯიხის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მერის გია ხარჩილავას შეფასებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სამართლიანია, რადგან არ მოხდა პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ნახტომისებური ზრდა და ამისთვის გამიზნული თანხა გადანაწილდა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ყოველდღიურ მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ.

„სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, წალენჯიხაში მიღებულია ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ხელფასების სამართლიან ზრდას ითვალისწინებს. ვაკონკრეტებ, წალენჯიხაში არ მოხდა პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ნახტომისებური ზრდა, იმის ხარჯზე რომ ჩვენი დასუფთავების თანამშრომლებს თუ ბაღის პედაგოგებს 200-300 ლარი აქვთ ხელფასი. ანუ ხელფასების ზრდა მოხდა სამართლიანად, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, სადაც გესმით ოპოზიციის ხმაური, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ჩინოვნიკებზე“, - აღნიშნა გია ხარჩილავამ.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების 40 პროცენტიანი ზრდა, თუმცა თანამდებობრივი სარგო მხოლოდ 10%-ით გაიზარდა.

ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, მათ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავეს. მმართველ პარტიის წარმომადგენლების თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ, თუმცა, მერისგან პირობა მიიღეს, რომ მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

Print